
"ერთობის ჯაჭვი" რეგიონებში - ქუთაისში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდების მიმდებარედ შეიკრიბნენ და ერთობის ჯაჭვში ჩაებნენ. ამ ფორმით, უწყვეტ აქციას შეუერთდნენ.
აქციის 31-ე დღეს ქუთაისელები ამბობენ, რომ პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე აქციებზე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
"ერთობის ჯაჭვი საქართველოსთვის" ოზურგეთშიც შეიკრა. მოქალაქეები ჭავჭავაძის ქუჩაზე განლაგდნენ, ჯაჭვი შეკრეს და ამით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე აქციას და მის მოთხოვნებს შეუერთდნენ. "ერთობის ჯაჭვში" მონაწილეობას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებდნენ.
"ერთობის ჯაჭვს" შეუერთდნენ ფოთშიც, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მოქალაქეები აღმაშენებლის ხიდზე შეიკრიბნენ და ხელჩაკიდებულებმა ჯაჭვი შეკრეს.
ზუგდიდში კი "ერთობის ჯაჭვი" დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან სამხარეო ადმინისტრაციის შენობამდე შეიკრა.
სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის წარმომადგენლები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ, სკანდირებდნენ “საქართველო” და ასე შეუერთდნენ მთელს ქვეყანაში პროტესტს.