
როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება? "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით, დასავლეთის სანქციები მხოლოდ კერძო პირებს ეხება, ამიტომ ჩვენს ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება.
"თანამდებობის პირები რომ სანქცირებიდან, ეს ნეგატიური მუხტის მქონე მოვლენაა. ექნება თუ არა დემოკრატიის უკუსვლას უარყოფითი ეფექტი? - ამის თქმა ძნელია. მაგალითად: ჩინეთში ტოტალიტარული სისტემაა, მაგრამ მთელი ამერიკული ინვესტიციები იქ შედის. მეორე მხრივ, ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეშე აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თუ ამ ქვეყანაში ფულს დებ, მათი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ამის გამო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად შემცირებულია.
ამას ისიც ემატება, რომ საქართველო პოტენციური კონფლიქტის ქვეყანაა და ამ კონფლიქტის განახლება ყოველთვის შეიძლება - ეს კიდევ ერთი, დამატებითი მოტივია, რომ ვიღაცას აქ ინვესტიციის ჩადება არ მოუნდეს. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ერთი მხრივ, პოლიტიკური სიტუაცია აბრკოლებს, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო რისკი, რაც ბიზნესისთვის სირთულეებს ქმნის. ვინც მთავრობის მხარესაა და სიტუაციას აკონტროლებს, ორ რამესაა ჩაჭიდებული - ერთი, ეს არის ტრანზიტი და მეორე - მილსადენი და ნავთობსადენი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია - სწორედ ამ ორ ელემენტზეა დამოკიდებული მთელი ეკონომიკა. ბოლო ხანებში ვხედავთ, როგორ გაუფასურდა ლარი და ეს ლოგიკურია: ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, წლის ბოლოა და ვალები გასასტუმრებელია, პოლიტიკური არეულობის ფონზე ძალიან ბევრი კომპანია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე. ცხადია, ბევრი პრობლემაა. თანამედროვე ეპოქაში, ეკონომიკა სტაბილურად უნდა მუშაობდეს და ამასთანავე, იყოს ღია, ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე, სწორედ ამის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა", - განუცხადა "კვირის პალიტრა" პაატა შეშელიძემ.