რეზონანსი
26.12.2024

იმედი მაქვს, საქართველო ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეფექტურად დაიცავს, მაგრამ თუ თავისუფლებასა და წესრიგს შორის გონივრული ბალანსი არ დავიცავით, შეიძლება, სულმნათი წინაპრების უდიდესი ძალისხმევით შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა „შემოგვემხოს"...

ფაქტია, რამდენი „აჯანყება-რევოლუცია" მოვაწყვეთ, თანაც „სტრატეგიული პარტნიორების", რბილად რომ ვთქვა, მხარდაჭერით, იმდენჯერ დავკარგეთ ტერიტორიები. ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გავნახევრდით და შობადობაც წელიწადში 100 ათასიდან 40-მდეა დასული... ამის გამო, მიტინგები და საპროტესტო აქციები არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის და სხვებთან გაერთიანების, აგრეთვე წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ, მშვიდობიანი (უიარაღოდ) შეკრების თავისუფლება. მთავარია, რამდენჯერმე რედაქტრირებულ „უზენაეს კანონში" ძალადობის გამამართლებელი „აჯანყების უფლებაც" არ მოიძიონ „ექსპერტებმა"...

მგონია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოქმედება, ნებით თუ უნებლიედ, სამშობლოში დარჩენილი ქართველების კიდევ უფრო მეტად დაპირისპირებას („პოლარიზაციას"), სახელმწიფო მექანიზმში შემავალი ინსტიტუტების სრულად დისკრედიტაციას და საქართველოს შემდგომ დაშლას (იუგოსლავიასავით) უწყობს ხელს.

რა, არჩევნების წინ არ ვიცოდით, რომ სიები იყო დაუზუსტებელი, ცესკო -მიკერძოებული, ხოლო საარჩევნო კოდექსი „დანაღმული" (თუნდაც იმიტომ, რომ საარჩევნო დავები მურუსიძე-ჩინჩალაძის სააპელაციო სასამართლოში სრულდება). ახლა გავიგეთ, რომ „ევროინტეგრაციაზე ორიენტირებულ სამართლებრივ სახელმწიფოში" (კონსტიუტუციაში ასე გვიწერია) სასამართლო „ჯიბისაა" და შენობის სხვენში „ახორციელებს მართლმსაჯულებას" კომუნისტების მიერ 1984 წელს მიღებული და რუსულიდან უხეიროდ თარგმნილი კოდექსით?!

არ ვიცოდით, რომ არჩევნები გაყალბდებოდა?! როდის არ გაყალბებულა?! მაგალითად, 2008 -ში ჩატარებულ არჩევნებისას რომ 80-მდე ადამიანი იყო სასიკვდილოდ ნაცემი, ხოლო საარჩევნო უბნების წინ „ძალოვნები" და „შავები" იყვნენ მობილიზებულები. მაშინ „ევროპელი მეგობრები" რატომ არ „აღშფოთდნენ" ან „შეშფოდნენ" მაინც?

სამაგიეროდ, „რუსული კანონის" და „ევროკავშირში გაწევრიანების გადავადების" მოწინააღმდეგეებმა ფრანგი რევოლუციონერებით აღმართეს ბარიკადები და ერთი თვეა „კათოლიკური სამყაროს მაინტეგრირებელი ხუთჯვრიანი სიმბოლოებით" ხელში იცავენ „ცისკრის ვარსკვლავით" გაბრწყინებულ საქართველოს. არადა, „რეიტინგულ არასამთავრობოებს" და „დამოუკიდებელ მედიას" არც ის გაუპროტესტებია, რომ კონსტიტუცია ჯერ შევარდნაძეს მოარგეს (საპარლამენტო მოდელი ორ კვირაში სუპერსაპრეზიდენტოდ იქცა), მერე სააკაშვილს, ხოლო ბოლოს ივანიშვილს (ყაველაშვილი დროებით გამწესდა).

მორწმუნეებიისთვის თითქოს უფრო იოლი უნდა იყოს მტყუან-მართლის („ნათელისა და ბნელის") გარჩევა, ვინაიდან მათთვის ჭეშმარიტება ქრისტე და ბიბლიაა, მაგრამ ასე აქტიურად არც ქართული მიწის გაყიდვაც არ გაგვიპროტესტებია, მიუხედავად იმისა, რომ სახარებაში წერია: „მიწას თუ გაყიდით, მიმოგფანტავთ უცხო ქვეყნებში და შეგჭამთ თქვენი მტრების მიწაო."

ამდენად, „ევროპულ მომავალს (ოცნებას) გვართმევენ" კი არა, მეშინია, დარჩენილი ტერიტორიაც რუსეთისა და თურქეთის იმპერიებმა არ გადაინაწილონ (ცხადია, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც დაუთმობენ წილს).

ილია მეორემ ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა, რომ „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!" ანუ, დელიკატურად მიგვანიშნა ანალიტიკური აზროვნების დეფიციტზე და ქმედებების საღი გონებით განსჯა-გააზრება (ფაქტობრივად, ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლამდე მეტი დაკვირვება!) გვირჩია.

ეს ბრძნული შეგონება, პირველ რიგში, იმ პოლიტიკოსებისთვის უნდა იყოს ყურადსაღები, რომლებიც არცთუ იშვიათად იღებენ სრულიად არაგონივრულ გადაწყვეტილებებს (თუნდაც „უზენაეს კანონზე" ან სახელმწიფო სიმბოლიკაზე), თუმცა ზოგჯერ არც „არასამთავრობო ორგანიზაციებისა" და მედიასაშუალებების წარმომადგენლების ქმედებების ლოგიკურად ახსნაა შესაძლებელი.

ან რომელ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზეა ლაპარაკი, როცა საპარლამენტო უმრავლესობა ჯერ „ერთხმად" იცვლის პოზიციას („ვიღაც მესამის" თხოვნით, რჩევით ან, კიდევ უარესი, დავალებით), შემდეგ კი მეორედ აინიცირებს კანონპროექტს, რომელსაც აშკარად რუსეთის ინტერესებში გამოჰყავს ქუჩაში რევოლუციურად განწყობილი ახალი თაობა, ხოლო არჩევნების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირთან, ფაქტობრივად, კომუნიკაციის შეჩერებაზე. ამასთან, „მესამე სექტორი" და ოპოზიციური ტელევიზიები „მოლოტოვის კოქტეილს" აზრის თავისუფლად გამოხატვის დემოკრატიულ საშუალებად წარმოაჩენენ, ხოლო ევროპიდან (თანაც, რევოლუციის სამშობლოდან) „პორტირებული" მე-5 პრეზიდენტიც, ფაქტობრივად, აქეზებს მომიტინგეებს ძალის გამოყენებით ხელისუფლების დასამხობად...

როგორც ჩანს, „ვიღაც მესამეს" (ან „მესამეებს"...) ხელს აძლევს ქართველების მორიგი დაპირისპირება და უკეთეს შემთხვევაში, მორიგი „ფერადი რევოლუციის" ან, უარესში, „მაიდნის" მოწყობა (ამჯერად, „ომისა და მშვიდობის", „მონობისა და თავისუფლების", „ევროპული სამოთხისა და რუსული ჭაობის" მომხრეებად ვართ „პოლარიზებულები"...), რითაც საქართველოში (კავკასიაშიც) საკუთარი „გეოსტრატეგიული" ინტერესების გატარების საშუალება ეძლევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახელმწიფო მექანიზმიც გაუმართავად მუშაობს (ფაქტობრივად, მოშლილია, ვინაიდან დაუსჯელობით გათამამებული სამართალდამცავიც არღვევს კანონს და კანონმდებელიც...), ხოლო პოლიტიკოსებსა და საზოგადოებაში იმდენად იმატა „პოლარიზაციამ", რომ ქვეყანაში აშკარად მორიგი „რევოლუციური სიტუაციაა" შექმნილი (რომლითაც ისევ „ვიღაც მესამე" ისარგებლებს და, შეიძლება, ისევ დავკარგოთ ტერიტორიები...), გამოსავლად მესახება, წმინდა სინოდმა ორივე მხარეს დაუყოვნებლივ მოუწოდოს საშობაო დაზავებისკენ (პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა შობა, ფაქტობრივად ერთად აღნიშნეს), ხოლო ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების გამართვა ურჩიოს.

ვთვლი, რომ სახელმწიფო ინტერესებში ორივე მხარე უნდა წავიდეს დათმობაზე. ამასთან, ქართველების გასაერთიანებლად, გონივრული იქნება, თუ 15-წევრიან ცესკოში უმრავლესობას 1990 წელს არჩეული უზენესი საბჭოს წევრები შეარჩევენ დღემდე იწვევენ სესიებს), ხოლო უმცირესობას ბოლო არჩევნების შედეგად პარლამენტში გასული სუბიექტები (მაგალითად, 3 წევრს „ქართული ოცნება" აირჩევს, 4-ს ოპოზიციური პარტიები). ამასთან, უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისიები, როგორც კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციების შესამუშავებლად, ასევე ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის შესარჩევად. ცხადია, საარჩევნო სისტემაც უნდა შეიცვალოს და არჩევნებში მონაწილე სუბიექტებსსაც ტელევიზიებმა თანაბარი დრო უნდა გამოუყონ. რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, კარგი იქნება, საერთოდ გაუქმდეს, ვინაიდან ჩვენმა ბრძენმა წინაპებმა 1921 წლის კონსტიტუციაში, მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის თავმჯდომარეების თანამდებობები გაითვალისწინეს (მით უმეტეს, პრეამბულის თანახმად, 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის „ძირითად პრინციპებს" უნდა დაყრდნობოდა, რაც 2010 წელს „სამართლებრივი მემკვიდრეობით" ისე შეიცვალა, იურისტებსაც კი არაფერი გაუგიათ...).

მიუხედავად იმისა, რომ „გეოპოლიტიკური ვითარებიდან" გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ყოფნა, გონივრულ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, რაც ხელისუფლებას მშვიდობის შესანარჩუნებლად აძლევს ლავირების საშუალებას, თუ სამშობლოში შემორჩენილები ერთმანეთს „ორიენტაციის" გამო დავუპირისპირდით და 29 დეკებრიდან უკვე ორი პრეზიდენტიც გვეყოლა, სამართლებრივი ნიჰილიზმის „ხუთჯვრიან სტადიამდე" მისულ საქართველოს აღარაფერი ეშველება... მაინტერესებს, მორიგი შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, მეზობლების „მშვიდობისმყოფელებისგან" ნატოს ჯარი დაგვიცავს თუ ევროკავშირის ქვეყნები მოგვამარაგებენ იარაღით?!).

ფაქტია, სიტყვით „მოქკავშირიც" ევროპას გვაახლოებდა, „ნაცმოძრაობაც" და „ქართული ოცნებაც", მაგრამ დღემდე საქართველოში არც ხელისუფლების შტოებია რეალურად დამოუკიდებელი, არც ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური გარანტიებია შექმნილი და არც 1984 წელს, კომუნისტების მმართველობის დროს მიღებული (რუსულიდან უხეიროდ თარგმნილი...) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლაზე უზრუნვია ვინმეს, რომლითაც აქციების მონაწილეებს „კონვეირული წესით" აჯარიმებს ოთხჯერ რეფორმირებული, მაგრამ აშკარად მიკერძოებული ქართული სასამართლო...

ისიც ფაქტია, ქართველებს სახელმწიფოებრიობა („მამული, ენა, სარწმუნოება") მხოლოდ ერთობით და „უქარქაშო ხმლების" ქნევით არ შეგვინარჩუნებია... ამდენად, თუ მოქალაქეების რომელიმე ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას და სადღეღამისო აქტიურობას, შესაბამისი ცოდნა-განათლება და ანალიტიკური აზროვნება არ წავაშველეთ, 2030 წელს კი არა, კიდევ 30 წლის შემდეგაც ევროპული კავშირის კანდიდატის სტატუსის ამარა ვიქნებით... ცხადია, იმ დროისთვის სახელმწიფო თუ შევინარჩუნეთ...

 

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×