
ექვს ქვეყანაში საქართველოს ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ წინადადების პრეზიდენტისთვის წარდგენის თაობაზე მთავრობამ შესაბამისი განკარგულებები გამოსცა.
საუბარია აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანზე, ბულგარეთში საქართველოს ელჩ ოთარ ბერძენიშვილზე, ნიდერლანდებში საქართველოს ელჩ დავით სოლომონიაზე, ლიეტუვაში საქართველოს ელჩ სალომე შაფაქიძეზე, ჩეხეთში საქართველოს ელჩ თეა მაისურაძეზე და პორტუგალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მირცხულავაზე.
მირცხულავას გარდა, ხუთმა ელჩმა თანამდებობები მას შემდეგ დატოვეს, რაც 28 ნოემბერს „ოცნების“ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ხოლო გიორგი მირცხულავას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლა სახელდება. ცნობისთვის, 28 ნოემბრის შემდეგ თანამდებობა დატოვა იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამაც.
გარდა ამისა, არის ქვეყნები, სადაც საქართველოს არ ჰყავს დანიშნული ელჩები და მათ ფუნქციას მოვალეობის შემსრულებლები ასრულებენ. მათ შორისაა საფრანგეთიც. საფრანგეთში საქართველოს უკვე ყოფილმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე, „ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ დატოვა.
ცნობისთვის, საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც ჩანს “ოცნების” მთავრობა მის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის უფლებამოსილების ამოქმედებას ელოდება იმისათვის, რომ ელჩების ვაკანტური ადგილები შეავსოს.
რამდენიმე დღის წინ კი “ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ელჩების დანიშვნა და მივლინება კონკრეტულ ქვეყანაში, საკმაოდ გრძელ პროცედურებს უკავშირდება და ეს პროცედურები ძალიან მალე დაიწყება.