რეზონანსი
25.12.2024

ურთიერთპატივისცემა უნდა დაბრუნდეს საზოგადოებაში და ამ პოლარიზაციას აუცილებლად მოეღება ბოლო, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, ის რაც ახლა ხდება იმართება უცხოური დავალებებით და დაფინანსებით. ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ რაც ახლად არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შეუდგება მოვალეობის შესრულებას, ის ამ პოლარიზაციის დასრულებას შეძლებს.

„როდესაც ბატონი მიხეილ ყაველაშვილი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, სრულებით ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებს ამ გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდირებას იმიტომ, რომ იგი ეყრდნობა ჭეშმარიტად ქართულ გენეტიკურ კოდზე აგებულ ღირებულებებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ეკა სეფაშვილის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ის ვერ შეძლებს ჯანსაღი და არგუმენტირებული დებატების გამართვას.

„პარლამენტს რაც შეეხება, მე არ მოველი, რომ პარტიები, რომლებიც შემოვლენ ოპოზიციური სპექტრიდან, რაიმე ღირებულ დებატებს შემოგვთავაზებენ. იმიტომ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ოპოზიციას, ისინი არიან აგენტურული ქსელის სხვადასხვა წარმომადგენლები. ჩვენ, „ხალხის ძალამ“ გადავდგით ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დავტოვეთ უმრავლესობა და სწორედ ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის როლი. იმიტომ, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიციის დიქტატურა უნდა დასრულდეს. დრო არის რომ ქვეყანას ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მმართველ გუნდს გაუწევს ოპონირებას იმ საკითხებზე, რომლებიც მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×