რეზონანსი
16.12.2024

„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარემ ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა.

„ეს არაფერს ნიშნავს, მე აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი, რომ იანვბრის ბოლომდე მომიწევდა ციხეში ყოფნა და არაფერი არ დამთავრებულა. ახლა იწყება ყველაფერი. გარეთ, ამ თვე-ნახევრის განმავლობაში, შემდეგ ვნახოთ, როგორ იქნება, მე ყველაზე მეტად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც არის დაკავებული, გაზაფხულის აქციიდან მოყოლებული, ახლა უფრო ხმამაღლა ვიბრძოლებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ. ვიდრე ისინი გარეთ არ იქნებიან, მე არ ჩავთვლი, რომ ჩემს თავს რამე სასიხარულო ხდება, რადგან აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი, რომ ახალ წელსაც და ჩემს დაბადების დღესაც შევხვდებოდი ციხეში. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფეხი არ მოიცვალა, ვინც ჯიუტად იდგა, აპროტესტებდა ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ბედნიერი ვარ, მიხარია ჩემს ოჯახს რომ ვნახავ და ახალ წელს შევხვდები, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ გარეთ და ეს მოღალატეები გავყარო ხელისუფლერბიდან", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.

ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან" დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×