რეზონანსი
15.12.2024

რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ დღევანდელი „რევოლუციური ვითარება“ 1989 წლის საპროტესტო გამოსვლებს მახსენებს. მართალია, „მაშასადამე ევროპელობაზე“ პრეტენზია ჯერ არ გვქონდა, მაგრამ მაშინაც განსაკუთრებით ახალგაზრდობა აქტიურობდა, რომელსაც „ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში“ უნდოდა ცხოვრება... ამასთან, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილებს თანამემამულე მილიციელების ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის კი არა, რუსი სამხედროების ალესილი ნიჩბებისა და ავტომატებისაც იმდენად არ ეშინოდათ, რომ კათალიკოს-პატრიარქის მოწოდებაზეც კი არ დაიშალნენ...

ამჯერადაც არაერთგზის მოვისმინე, რომ თურმე „ერთად დგომით დავამარცხებთ ბოროტ ძალას!“, ვინაიდან „იმდენად მოტივირებულები ვართ, დედამიწის ზურგზე არავინაა ჩვენი შემჩერებელი!“. როგორც ჩანს, მთავარია, „მთავარ არხებს“ ვუყუროთ, „ევროპის დედაქალაქის“ მთავარი გამზირი ან/და პარლამენტის წინ არსებული სივრცე შევავსოთ... 

ეჭვი არ მეპარება, რომ ისევე, როგორც მესამედი საუკუნის წინ, დღესაც აქციებზე, ძირითადად, უშიშარი და გულანთებული, ამასთან, უკვე „ევროპული მომავლიდან გამომდინარე მოტივირებული“ მამულიშვილები დგანან, მაგრამ, მგონია, მათი უმრავლესობაც არასაკმარისად არის ინფორმირებული არა მარტო საქართველოს ისტორიის, არამედ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების თაობაზე... 

თუ კომუნისტების მმართველობის დროს საზოგადოება „ცოდნის“ ლექტორები სკოლებში, უნივერსიტეტებსა და წარმოება-დაწებულებებშიც კი ატარებდნენ ლექციებს, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობებისა და „კონტრპროპაგანდის“ საკითხებზე, ტოტალიტარიზმისგან თავდაღწეული ქართველების „სამოქალაქო განათლებაზე“, ძირითადად, „რეიტინგული“ ტელევიზიები და ინტერნეტელი „მეგობრები“ ზრუნავენ... შედეგად, აქციების მონაწილეთა ნაწილს „ამასიის ზავის“ თაობაზე არაფერი სმენია (თურქებმა და ირანელებმა საქართველო გადაინაწილეს...), მეფე ერეკლე „რუსეთუმე“ ჰგონია, არც აკაკი წერეთლის „ღამურა“ აქვს წაკითხული და არც რობიკო სტრურუასეული „ბედი ქართლისა“ ნანახი... სამწუხაროდ, ბევრს არც უკრაინასა და სირიაში განხორციელებული „სპეცოპერაციებიდან“ გამომდინარე საფრთხეები აქვს გააზრებული, რის გამოც ზელენსკი და ისლამისტი მეამბოხეები გმირები ჰგონიათ... 

შედეგად, თუ ხალხმრავალი აქციებით, ჯერ რუსეთის იმპერია „დავამხეთ“, მერე დამოუკიდებლობაღდგენილი საქართველოს კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლებაც „დავასრულეთ“, ხოლო 2003 და 2012 წელს „შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმებიც“, მეშინია, ამჯერად უკვე საკუთარი ქვეყანა (სახელმწიფოებრიობა) არ „შემოგვემხოს“... (დარწმუნებული ვარ, „სტრატეგიული პარტნიორებისა“ და „ევროპელი მეგობრების“ მიერ მხარდაჭერილი მორიგი „აჯანყება-რევოლუცია“ ტერიტორიებს დაგვაკარგვინებს, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამჯერად უკვე რუსეთისა და თურქეთის „იმპერატორებს“ აქვთ საერთო ენა გამონახული...) 

არადა ილია მეორემ ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში ბრძანა, რომ „საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოსო!”. ანუ, დელიკატურად მიგვანიშნა ანალიტიკური აზროვნების დეფიციტზე და ქმედებების საღი გონებით განსჯა-გააზრება (ფაქტობრივად, ლაპარაკიდან საქმეზე გადასვლამდე მეტი დაკვირვება!) გვირჩია. 

გენიალური რუსთაველის აფორიზმიც გამახსენდა: „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისგან უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა თუ კაცი მეცნიერია“, რომელიც ხალხური ანდაზის სახითაც გავრცელდა („მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედა უარესია!“), თუმცა, როგორც ჩანს, „მაშასადამე ევროპელებმა“ აქტუალობადაკარგულად მივიჩნიეთ... 

ფაქტია, ქართველებს სახელმწიფოებრიობა („მამული, ენა, სარწმუნოება“) მხოლოდ ერთობით და „უქარქაშო ხმლების“ ქნევით არ შეგვინარჩუნებია... ამდენად, თუ მოქალაქეების რომელიმე ერთი იდეის გარშემო გაერთიანებას და სადღეღამისო აქტიურობას, შესაბამისი ცოდნა-განათლება და ანალიტიკური აზროვნება არ წავაშველეთ, 2030 წელს კი არა, კიდევ 30 წლის შემდეგაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ამარა ვიქნებით... ცხადია, თუ იმ დროისთვის ჩვენ შევინარჩუნეთ ქართული სახელმწიფო ან ევროკავშირი თავად არ დაიშალა...

ავთანდილ კახნიაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×