
საქართველოს ეკლესია არ არის რუსეთის ეკლესია. საქართველოს ეკლესია არის საქართველოს ეკლესია. მე ამბროსი ხელაიას შთამომავალი ვარ, რომელიც 37 წელი გარუსების პოლიტიკას ებრძოდა, - განაცხადა მრევლთან ქადაგებისას დეკანოზმა შალვამ (კეკელია).
მან ისაუბრა, რამდენად უყვარს სამშობლო და თითოეული ქართველი.
„დღეს, როდესაც მოვიდნენ ტაძართან, მიძახდნენ „მოღალატე“. იცი, სიტყვის მნიშვნელობა „მოღალატე“ რას ნიშნავს? მე ამას არ მივიღებ. შეიძლება მითხრა: მეძავი ხარ, ლოთი ხარ, ნარკომანი ხარ, თუნდაც, არაკაცი ხარ მეძახო, მაგრამ მოღალატეს ვერ დაგაძახებინებთ ვერავის! ქუჩაში რომ გავდივარ და დედას მაგინებენ, ზოგჯერ მაგის მოთმენაც შემიძლია, რაც ჩემთვის ძალიან რთულია.
კაცად გამზარდეს, მთელი ცხოვრება კაცად გავიზარდე და ჩემი ქვეყნის ერთგულებისთვის გავიზარდე და ამას ვერავის გავუტარებ - ქვეყნის მოღალატე ნამდვილად არ ვარ.
ჩემთვის ყველა მოღალატეა, ვინც რომელიმე ქვეყნის დავალებას ასრულებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის დავალებას ასრულებ. მოღალატე ხარ, აბა რა ხარ, სხვისი ქვეყნის დავალებით რომ მოქმედებ?! რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ქვეყნის დავალებით მოქმედებ ამ ქვეყანაში. მოღალატე ხარ, აბა რა! ეგენი არიან მოღალატეები, ვინც სხვა ქვეყნის დავალებას ასრულებს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება დედამიწის ზურგზე! შენ უნდა იყო შენი ქვეყნის მსახური და შენ უნდა იყო ქრისტეს მსახური. ღმერთმა შეგვაძლებინოს ღვთის მსახურება“, - განაცხადა მამა შალვამ.
ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტების საპროტესტო მსვლელობა იმართება, თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძართან, მამა შალვა კეკელიასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერიდაპირისპირება მოხდა.
„ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა“, - აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.