
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან პარტია დატოვა.
„კურიერთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ განაგრძობს მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას.
„მინდა გამოვეხმაურო ამ აბსურდულ ცილისწამებას, ბრალდებებს და ამ ტყუილს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ განცხადებაც გავავრცელეთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მე თურმე პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია, გუნდს გავემიჯნე, რაღაც გავაპროტესტე და მითუმეტეს კრიზისის დროს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იყო ძალიან დიდი გამოწვევები - თითქოს ამ ფონზე დავტოვე მე პარტია - ეს არის აბსურდი, მე ვინც მიცნობს და მგონი ყველა კარგად მიცნობს, ეს არ არის ჩემი ხელწერა. მე მაქვს ჩემი წესები, პრინციპები. ამ წესებით ვცხოვრობ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება და ამ წესებს არასოდეს გადავუხვევ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ის მის კლინიკაში მოთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებსაც გამოეხმაურა.
"მე ასევე მინდა გამოვეხმაურო იმ აბსურდულ, ამაზრზენ ტყუილს, რომელიც გააჟღერა ერთ-ერთმა არარაობამ. მე არ მოვერიდები ამის თქმას, მოღალატე ბაჩიაშვილმა და მისმა მსგავსმა მოღალატე გახარიამ. იცით რა, მე მეუხერხულება... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საჭიროება, რომ მივიდეს ექიმთან. რაღაც ძალიან მსუბუქი დაზიანება მივიღე ვარჯიშის დროს და ამხელა რაღაც სკანდალი და ამაზრზენი შეურაცხმყოფელი ტყუილები გამოიგონეს. ამიტომ რეზიუმეს სახით რომ გითხრათ, ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი ტყუილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.