
დაგეგმილთან შედარებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდა 2024 წელსაც, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, 2023 წლის ბოლოს მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2 %-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონი ლარი იყო. 10 თვის წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენს.
„ჩვენ ბიუჯეტი შედარებით კონსერვატიულ პროგნოზზე გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, მიმდინარე წელს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9 %-ს, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 90 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2021-2024 წლებში რეალური ეკონომიკური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 44 %-ს გადააჭარბა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 82 %-ს აჭარბებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილის თქმით, ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი. კერძოდ, 2020 წელს არსებული 4 300 აშშ დოლარიდან, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მისი მოცულობა 9 000 დოლარს გადააჭარბებს.