
უკვე დღეებია საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით თბილისში ივანიშვილის დაჯგუფებების მხრიდან მიმდინარეობს სადისტური სპეცოპერაცია ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, “ეს არის ე.წ ხელისუფლების და ივანიშვილის დაჯგუფების მხრიდან კარგად ორგანიზებული მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებები განხორციელებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ“.
უკვე დღეებია საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით თბილისში ივანიშვილის დაჯგუფებების მხრიდან მიმდინარეობს სადისტური სპეცოპერაცია ქართველი ხალხის და ახალგაზრდების წინააღმდეგ. ეს არ არის ცალკეული შემთხვევები როგორც ხელისუფლების მიმტაცებლები ცდილობენ წარმოაჩინონ, ეს არის ე.წ ხელისუფლების მხრიდან, ივანიშვილის დაჯგუფების მხრიდან კარგად ორგანიზებული მიზანმიმართული დანაშაულებრივი ქმედებები განხორციელებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ! ჩვენ ყველამ და საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად იცის ის უსასტიკესი დარბევები, ძვლებში გადამტვრევები, რასაც გვპირდებოდა მოქალაქეებს ივანიშვილი და მისი ბანდა. გამოყვანილი ჰყავთ სადისტები, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ ჩვენს ახალგაზრდებს, სპეციალურად არ აქვთ არანაირი ამოსაცნობი ნიშნები, რომ მათი უსაფრათხოების გარანტიები მაქსიმალურად დაიცვან და პასუხი არ მოსთხოვონ, მაგრამ მოვა დრო და ამ პასუხისმგებლობისგან ვერავინ დაიცავთ!
მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუ საერთოდ მიმართვა ღირს, გამოდით და თქვით, რომ საერთოდ არ არსებობთ! თქვენ ხართ ამ ორგანიზებული სისხლიანი სპეცოპერაციის თანამონაწილე, რადგან სამართლებრივ მოქმედებებს არ ატარებთ დამნაშავეების დასასჯელად!
ყველა ის უწყება, ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი დუმილით და უმოქმედობით ხელს უწყობს ამ რეჟიმს, მის მიერ განხორციელებულ სისხლიან სპეცოპერაციას და ხელს არ უშლის, არის თანამონაწილე ყველა ამ დანაშაულის!
9 აპრილი იყო ერთი დღე, დღეს ყოველ საღამოს 9 აპრილს უწყობს ქართველ ხალხს, ქართველ ახალგაზრდებს რუსული რეჟიმი. მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი, ურყევი პროტესტი არის ჩვენი ვალი! დღეს დუმილი ნიშნავს რეჟიმთან თანამშრომლობას, თანამონაწილეობას და დარბევებში მონაწილეობას. ქვეყანას გვართმევენ, საქართველოს გვართმევს რუსეთი ივანიშვილის მეშვეობით. ჩვენი ვალია, ურყევი, მშვიდობიანი პროტესტი დავაფიქსიროთ მთელი საქართველოს მასშტაბით, - განაცხადა სამუშიამ.