რეზონანსი
28.11.2024

პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების მოწვევა და ერთიანობაზე საუბარი აბსოლუტურად სწორი და დროულია - სამშობლოს ბედი წყდება და ამ ბედს ყველა ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ამ ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი, თავისი გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება არის გზა ევროპისკენ".

"კობახიძეს ჯერ საუბარი არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც კატასტროფულად ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება უკვე გამოქვეყნებული იყო. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციური პარტიების მოწვევა იყო აბსოლუტურად სწორი, დროული და ერთიანობაზე საუბარიც იყო სწორი და დროული. ერთადერთი რამ გვაქვს დასაცავი, სამშობლო. სამშობლოს ბედი წყდება და ამ ბედს ყველა ერთად, დარწმუნებული ვარ, გადავწყვეტთ",- განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება პარლამენტთან მიმდინარე აქციას და იმას, თუ რა როლი ექნება პროტესტში ოპოზიციას, გვარამია ამბობს, რომ "წინააღმდეგობის მოძრაობა არ არის პოლიტიკოსების საკუთრება და ზოგადად, ქვეყანაში ცვლილება არ არის პოლიტიკოსების საკუთრება".

"პოლიტიკოსებს შესაძლოა კონკრეტული როლი ჰქონდეთ, მათ შორის ის, რასაც ხალხი გადაწყვეტს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკოსების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პრეზიდენტის საკუთრება. ხალხი წყვეტს თავის ბედს. ყველა ვართ ამ ხალხის ნაწილი და ვისაც როგორ შეგვიძლია, იმ ფორმით და იმ მასშტაბით მივიღებთ მონაწილეობას გადაწყვეტილებაში და რის მანდატსაც ხალხი და ერთმანეთთან შეთანხმება მოგვცეს. ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას ჩვენს დიალოგში. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და ასეც იქნება",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×