
განათლების მინისტრი ადასტურებს, რომ საგამოცდო პროგრამიდან კონკრეტული მწერლების შემოქმედებაა ამოღებული. ალექსანდრე წულაძე ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება სტუდენტების პროტესტის გამო მიიღეს, რომლებიც ითხოვდნენ, საგამოცდო პროგრამაში მხოლოდ სავალდებულო მასალა დაეტოვებინათ. მინისტრი ირწმუნება, რომ აბიტურიენტები ყველაფრის მომზადებას ვერ ასწრებდნენ.
სტუდენტების მოთხოვნაა და ჩემი აზრით, სამართლიანიც იყო ის, რომ თუ რაიმე არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი, ეს არ უნდა გასულიყო გამოცდაზე. აღნიშნული ნაწარმოებები არ ყოფილა არც აქამდე სავალდებულო პროგრამის ნაწილი. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ სავალდებულო ნაწილები გაგვაქვს გამოცდაზე. გამოცდებთან დაკავშირებით მომავალ წელს სავალდებულო ნაწილში გადავა აღნიშნული ლიტერატურული ნაწარმოებებიც, - ამბობს მინისტრი.
საგამოცდო პროგრამებიდან ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთები გააქრეს. 1802 წლიდან აჯანყებები რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის პროგრამაში აღარ იქნება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიაში დატოვა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია და შემდეგ პირდაპირ 1832 წლის შეთქმულება. გამოტოვეს მთავარი - ქართველი ხალხის ბრძოლა იმპერიასთან. საგამოცდო პროგრამიდან გაქრა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიც. ქართულის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს სულხან საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, პაოლო იაშვილის ნამუშევრები - ნაწარმოებები, რომლებიც მოსწავლეებს პატრიოტიზმის მნიშვნელობას უნდა აცნობდეს.