რეზონანსი
02.11.2024

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს და ერთი ადამიანიც არ გამოჩნდა, ვინც იტყოდა, რომ პირადობის მოწმობები იძულებით ჩამოართვეს.

„მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით, 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა.

საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამოჩნდა. ორი თვეა, ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“, - განაცხადა იოსელიანმა.

სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში პროცედურული დარღვევები იყო.

„არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა. მართლა მელანმა გამოჟონა, ოღონდ ეს არის დიდ კონტექსტში შესაფასებელი, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას, რომ მიხვედი, იყო თუ არა შენი ნების გამოვლენა უზრუნველყოფილი, თუ ამ ნების გამოვლენაზე ვინმე ახდენდა გავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანაა, დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო. ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა ამდენი საჩივარი რაზეა დაწერილი? რა თქმა უნდა, ეს დარღვევები იყო. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც უამრავი დარღვევაზეა საუბარი“, - განაცხადა იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×