რეზონანსი
29.10.2024

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სამოქალაქო საზოგადოება” ახალი პლატფორმის ჩამოყალიბების ინციატივით გამოდის.

როგორც ხათუნა ლაგაზიძემ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ახალი პლატფორმა  მტკიცებულებების გამოაშკარავებაზე სხვადასხვა ჯგუფთან ერთად იმუშავებს.

ლაგაზიძემ საგანგებო ბრიფინგზე 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ აღნიშნული არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ამიტომ ახლა ერთობლივად მოქმედებაა საჭირო.

ლაგაზიძემ პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, არჩევნების მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიებისთვის ძალები გააერთიანონ. 

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა წინასწარმა შედეგებმა შექმნა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი . როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, არჩევნების მიმდინარეობისა და კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოვლენილმა დარღვევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ჩატარდა არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია, რომელმაც არა მხოლოდ გააყალბა, არამედ სრულად უგულებელყო ქართველი ხალხის ნება. ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ისევე, როგორც დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები, ცხადყოფს, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. შესაბამისად, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. 

 შექმნილ ვითარებაში ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, მივიჩნევთ, რომ ვალდებულნი ვართ, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზების საძიებლად. ამისთვის გთავაზობთ ღია პლატფორმას, რომელშიც ვიწვევთ ყველა კვალიფიციურ ექსპერტსა და ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას განურჩევლად მათი საარჩევნო შედეგებისა. პლატოფორმის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ აქტორებსა და პარტიებს შორის ძალისხმევის და რესურსების მობილიზაციას, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის კოორდინაციას, საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას მიუკერძოებელი და დეტალური გამოძიების ჩასატარებლად, რომელიც გამოააშკარავებს „ქართული ოცნების“ მიერ მიტაცებული არჩევნების მტკიცებულებებს, საზოგადოების ფართო ფენებთან პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე კომუნიკაციებს.

მოვუწოდებთ საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტულ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას - დავდგეთ ერთად! წინ ისეთი მოწინააღმდეგეა, რომელსაც ჩვენ საერთო რესურსებით, საერთო ინტელექტით, საერთო ნებელობით შევძლებთ, გავუწიოთ წინააღმდეგობა და გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს,   - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×