
გლდანში N60 საარჩევნო უბანთან მამაკაცების ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა.
გარდა დაპირისპირებული მხარეებისა, ადგილზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერი, შაკო კუჭაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ირაკლი ეძგვერაძე.
ზუსტი მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ხელჩართული ჩხუბი, ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, „ტელეკომპანია პირველის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვითარება იმ დროს დაიძაბა, როდესაც ეძგვერაძე ჟურნალისტებთან საუბრობდა.
„მინდა საზოგადოებას ვუთხრა რომ ეს კონკრეტული პიროვნება არის მომაგრებული ამ უბნებზე. იციან რომ ოპოზიცია იგებს არჩევნებს და ეს ადამიანი დილიდან, კანონის დარღვევით, მიდის ადამიანებთან და აყენებს შეურაცხყოფას," - განაცხადა ეძგევრაძემ.
პარალელურად საარჩევნო უბნის ეზოში, მამაკაცების ჯგუფი თავს დაესხა იქ მყოფ რამდენიმე ადამიანს და ფიზიკურად გაუსწორდა.
დაპირისპირების დროს დაშავდა ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომელსაც სამედიცინო დახმარება გაეწია.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.