
თურქეთში სამი ტერორისტი თავდაცვით სამრეწველოს თავს დაესხა, არიან გარდაცვლილები და დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და თურქული მედია ავრცელებენ.
გამოცემა CNN Turk-ის ცნობით, სამი ტერორისტი თავს დაესხა ანკარის კარამანკაზანის უბანში მდებარე კომპანიას Turkish Aerospace Industries, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თურქული შეიარაღების სისტემების განვითარებაში.
ბოლო ცნობებით, თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
იერლიკაიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.
„დაღუპულთა ვინაობასა და სხვა მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ, როგორც კი დადასტურდება“, – განაცხადა მინისტრმა.
ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ორი თავდამსხმელი განეიტრალებულია. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.
