რეზონანსი
23.10.2024

პრეზიდენტი ან „მიაკაჩავეს" და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს - „ლელოს" არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრა, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის შეცვლილ გადაწყვეტილებას, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნების შემდეგ წარადგინოს.

იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტს ფული „ლელომ" გადაუხადა, რადგან ბოლოს ის სწორედ ამ პარტიას შეხვდა.

„ან „მიაკაჩავეს" და უკან დაახევინეს, ან ფული გადაუხადეს. „ლელოს" არ უჭირს, რომ დისკომფორტი ფულით აღმოეფხვრათ. პრეზიდენტი აპირებდა წინასაარჩევნოდ [პრემიერ-მინისტრის კანდიდატის] დასახელებას და მიჭირს იმის დაჯერება, რომ უფასოდ გადაეფიქრებინა. ოპოზიციაში ყველა ოცნებობს პრემიერ-მინისტრობაზე და პრეზიდენტს ვიღაცა მეცნიერი, ფიზიკოსი, ან ბიოლოგი რომ დაესახელებინა, ხომ დარჩებოდა ამდენი ხალხი გაღიმებული. ეს არავის უნდოდა. მე არ ვიცი, შეიძლება ისე დაარწმუნეს, მაგრამ ვინაიდან „ლელოს" ბევრი ფული აქვს, მე მგონია, რომ ესეც შეიძლებოდა ჩართულიყო საქმეში.

პრეზიდენტი ბოლოს „ლელოს" შეხვდა და გადაიფიქრა. „ლელოს" როცა შეხვდები და რამეს გადაიფიქრებ, იქ როგორ შეიძლება მე ფულზე არ ვიფიქრო და „ლელოს" სიტყვის დამაჯერებლობაზე წავიდეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება?!," - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს, რადგან „ანგარიშს უწევს ოთხ პარტიას", რომელთაც „ქართულ ქარტიას" მოწერეს ხელი.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის „პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული", გაუადვილებს პარტიებს შეჯერდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×