
მარჯანიშვილის მოედანზე ევროპული მარშისთვის მზადება დაიწყო - კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენლები ადგილზე რიგით მოქალაქეებთან ერთად უკვე მიდიან.
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ კოალიციის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იმყოფება, რომელიც აცხადებს, რომ დღევანდელი მსვლელობა სწორედ იმის დემონსტრირება იქნება, რომ მიუხედავად "რუსული ხელისუფლების მიერ ქართველი ხალხის ნებისთვის გზის გადაკეტვისა, საზოგადოების არჩევანს ვერაფერი გააჩერებს".
ამასთან, მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს 26 ოქტომბრის არჩევნებში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს, რადგან როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან გასაშვებია და ქვეყანა კოალიციურმა მთავრობამ უნდა მართოს.
ეს მეტყველებს ერთ რამეზე, რომ თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. რუსული კანონებით და ყველა იმ ქმედებით, რომლითაც რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გადაუკეტა გზა ქართველი ხალხის ნებას, ეს არ გაუვა. სულ დარჩა 6 დღე და ამ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ. ეს ქვეყანა კი დაადგება იმ გზას, რაც არის ჩვენი ეროვნული არჩევანი.
"ქართული ოცნება" არის გასაშვები და ქვეყანა უნდა მართოს კოალიციურმა მთავრობამ თუ გვინდა, რომ სწრაფი ნაბიჯებით პროგრესისკენ წავიდეთ. მივმართავ ყველას, გამოდით არჩევნებზე, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. სწორედ ამ გამარჯვებით უახლოეს დღეებში დაიწყება სერიოზული პროგრესი. ეს გამარჯვება უნდა გავაფორმოთ მშვიდობიანად, ყოველგვარი შფოთვის გარეშე", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.