რეზონანსი
17.10.2024

"ბერი ნარიმანის" მრევლის დაჭრისთვის დაკავებული კაცი დუმილის უფლებას იყენებს. თუ აქამდე, 19 წლის მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ხმები შემოესმა და თვალებში დაუბნელდა, დღეს სასამარათლო სხდომაზე ლუკა ტოტოლაშვილი ჩადენილს აღარ აღიარებდა.

დაკავებულის ადვოკატი კი ტოტოლაშვილის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, ბრალდებული ციხის ნაცვლად კლინიკაშია გადასაყვანი. უფლებადამცველი ახლა ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. 

ლუკა ტოტოლაშვილს ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, გადაყვანილი იყო 10 დღე ფსიქიატრიულ კლინიკაში. აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. აქედან გამომდინარე, მას გარკვეულ მომენტში ახსოვს და გარკვეულ მომენტში არ ახსოვს. არახსოვს რა მოხდა და რატომ გააკეთა ეს ყველაფერი, როდესაც უყვები, რომ შენ ეს გააკეთე. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ჩვენ ავირჩიეთ დუმილის უფლება. ჩვენ იმიტომ  გავხადეთ დოკუმენტები სადაოდ, რომ არანაირი შურისძიებას ადგილი არ ჰქონია. მე როგორც ვიცი და როგორც მესაუბრება ჩემი ბრალდებული, მაგ პიროვნებებს საერთოდ არ იცნობდა და პირველად ნახა", - ამბობს ადვოკატი.

სასამართლომ დღეს ტოტოლაშვილი ისევ პატიმრობაში დატოვა, რადგან მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულის მიერ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის რისკი არსებობს.

შემდეგი სასამართლო სხდომა, სადაც უკვე მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დაიწყება, 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული. 

ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლოზე არსებითი განხილვის ეტაპზე, სრულად იქნება დადასტურებული და დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი.

პროკურატურამ მოიპოვა მტკიცება, რომ ლუკა ტოტოლაშვილი უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში "ბერი ნარიმანის" მრევლი იყო.

ცნობისთვის, სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში 24 აგვისტოს მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და  120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×