
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროკავშირის ელჩზე ადრე "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, სადაც უკრაინაში მიმდინარეო ომის კადრებია აღბეჭდილი, აღშფოთება ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა.
გახარიას თქმით, ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ეს ბანერები "ქართულ ტრადიციებს არ შეესაბამება" და "ამორალურია".
"ამ ბანერებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება ჰერჩინსკიზე კიდევ უფრო ადრე ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ მოქალაქეს. საზოგადოების უმრავლესობამ თქვა, რომ ეს არც ქართულია, ჩვენს ტრადიციებს არ შეესაბამება, არც მორალურია და ღირსებაზე საუბარი ხომ ზედმეტია.
რაც არ უნდა ხდებოდეს, სხვისი უბედურებითა და ტრაგედიით შენს ბედნიერებას ვერ აიშენებ, მით უმეტეს, საუბარია არჩევნებში უფრო მეტი ხმის მოპოვებაზე. ვფიქრობ, ეს არ არის "ოცნების" ძლიერი მხარე წინასაარჩევნოდ და რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებენ, მით უკეთესი იქნება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.