
აშშ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს და აჩერებს მაშინ, როცა მას ეს სჭირდება, - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ ჯებრაილის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გააკეთა. ალიევის გამოსვლა პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 1992 წელს შემოიღო, მაგრამ 9 წლის შემდეგ შეაჩერა.
„რატომ? იმიტომ, რომ მათ დაიწყეს ავღანეთის ოკუპაცია და აზერბაიჯანი დასჭირდათ. ვიდრე ავღანეთში რჩებოდნენ, აშშ-ის პრეზიდენტი ყოველწლიურად აჩერებდა სანქციებს. როგორც კი ისინი მთელი მსოფლიოს თვალწინ იქიდან გაიქცნენ, ისევ დააწესეს სანქციები ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა ალიევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამასთან, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ბაქოსთან მეგობრობა სურთ.
„რა მეგობრობაზე შეიძლება იყოს საუბარი?“ - განაცხადა ალიევმა.
აშშ-მა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალი სანქციების განხილვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა ბაქომ მთიან ყარაბაღში ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგადაც არაღიარებულმა რესპუბლიკამ 2024 წლის 1 იანვარს არსებობა შეწყვიტა. კერძოდ, აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით აშშ-ის პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსმა და კონგრესის 75-მა წევრმა მიმართეს.
2024 წლის აპრილში აშშ-ის წარმომადგენელმა პალატის წევრმა დინა ტიტუსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არცახში ბაქოს მოქმედებების და „პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი რეპრესიების გამო“ 44 აზერბაიჯანელი ჩინოვნიკის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი მოამზადა.