რეზონანსი
24.09.2024

"გამჭირვალობის კანონის"  საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიერ წინასასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" შიშს უკავშირებს.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მმართველი პარტია არჩევნებში მარცხდება, ამიტომ ახლა ოპონენტების გაშავებით დაკავდა. 

„ქართული ოცნება“ მარცხდება 26 ოქტომბერს და აღარ იცის რა გამოიგონოს, რა შეთხზას. ეს ბინძური კამპანია ჩემს წინააღმდეგ მხოლოდ ეს არის. მე მათ ვეუბნები, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, სამართლიანობა იზეიმებს და აბსოლუტურად ყველა პატრიოტი, ვინც თქვენს გამო დღეს საპატიმრო დაწესებულებაში ზის, ყველა იქნება თავისუფალი და ეს ზეწოლები, რომელიც შეიძლება კეთდება ამ ადამიანებზე, აუცილებლად იქნება გამოძიებული. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი და იოტისოდენად არავის ეგონოს, რომ ჩვენი ჟინი ბრძოლის ამ სიბინძურით, რომელსაც ისინი კადრულობენ, ოდესმე შეჩერდება, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

პროკურატუმარ დღეს ბუბუტეიშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის დაწყება არ გამორიცხა. 

ბრალდების მხარე იქვე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გიორგი ვაშაძის გამოკითხვის აუცუილებლობას ვერ ხედავს. 

თითოეული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის შესახებ განცხადების შემდგომ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ამიტომ მე  წინასწარ ვერაფერს გეტყვით. 

ამ სისხლის სამართლის საქმეზე შემიძლია გითხრათ, რომ არ დაიკითხებიან დამატებითი პირები. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც გამოძიების ეტაპზე იყო გამოკითხული, მათ შორის, ბუბუტეიშვილი, თუ ეს მისი სურვილი იქნება. ამიტომ დაველოდოთ მისგან ინფორმაციის მიწოდებას, - ამბობს პროკურორი. 

ბუბუტეიშვილის ადვოკატი კი ამბობს, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია მას შემდეგ ექნება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდება და გაეუსაბრება.

ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ მან პოზიცია შეიცვალა, სასამართლომ ჩათვალა საჭიროდ, რომ სავალდებულო დაცვა ყოფილიყო მის მიმართ განხორციელებული. აღნიშნული საქმე მე ზუსტად ორი დღის წინ დამეწერა, ფიზიკურად ვერ შევძელი საქმის მასალების სრულად გაცნობა და ბრალდებულთან შეხვედრა. მასთან შეხვედრის შემდეგ უკვე მექნება ჩამოყალიბებული პოზიცია რა სურს, რა უნდა და იმის მიხედვით წარვმართავთ სასამართლოს, - ამბობს ადვოკატი.

"გამჭირვალობის კანონის"  საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშილი თავდაპირვლად დუმდა და გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, თუმცა წინასასამართლო პროცესზე მან პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ უკანონო ქმედების ჩადენა მას გიორგი ვაშაძემ დაავალა. ბუბუტეიშვილის ეს განცხადება ბოლო რამდენიმე დღეა სახელისუფლებო მედიის და "ქართული ოცნების" დღის მთავარი თემაა. 

შეგახსენებთ, რომ ბუბუტეიშვილს გამოძება მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლად ედავება. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×