
ბექა ჯაიანმა კესარია აბრამიძეს ცივი იარაღით 28 ჭრილობა მიაყენა. "კურიერი PS"-ის ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბრალდებულმა აფთიაქში მედიკამენტები იყიდა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად ეს მედიკამენტები ჯაიანს პოლიციამ ვერ უპოვა.
მას შემდეგ, რაც ბექა ჯაიანმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა, ნათესავის სახლში სისხლიანი მაისური გამოიცვალა და გარეცხა. ტაქსით დიდუბეში გავიდა, იქიდან სარაჯიშვილის მეტროსთან. შემდეგ ტაქსი გააჩერა და 100 დოლარად წაყვანა სთხოვა სამეგრელოში. მანამდე აფთიაქში შევიდა და წამლები შეიძინა. ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელობის მიზნით.
"ბრალდებული განმარტავს, რომ აფთიაქში შეიძინა მედიკამენტები, რომელიც სურდა თვითმკვლელობისთვის გამოეყენებინა, თუმცა ჩხრეკის შემდეგ ეს ნივთიერი მტკიცებულება არ არის ამოღებული. ის ცდილობდა დაეტოვებინა თბილისი და შემდგომ საქართველო. ჯაიანი ინტერესდებოდა აფხაზეთში გადასვლით" - განაცხადა საქმის პროკურორმა.
ბექა ჯაიანი სამტრედიაში დააკავეს. პოლიციის განყოფილებაში დანაშაული აღიარა. ჩვენებაში ამბობს, რომ ეჭვიანობდა ყოფილ შეყვარებულზე, ასევე აღნიშნა, რომ კესარიას დედისა და დის მიმართ შეურაცხყოფა არ აპატია.