რეზონანსი
22.09.2024

პოლონეთი უკრაინის ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, მაგრამ კიევის მიმართ „საკუთარი მოთხოვნები“ აქვს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, იუწყება RMF 24.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიკორსკისა და ზელენსკის შორის კიევში შეხვედრის დროს კამათი მოხდა. კითხვაზე, გართულდა თუ არა უკრაინასთან მოლაპარაკებები, სიკორსკიმ განაცხადა: „უკრაინა ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ზღვაზე ის თავს კარგად გრძნობს, ხმელეთზე კი ცოტა უარესად. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, როგორც ეს მეზობლებს შორის ხდება“. 

მანამდე სიკორსკიმ ყირიმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ნახევარკუნძულის გაეროსთვის გადაცემის ინიციატივით გამოვიდა.

„ყირიმი სიმბოლურად მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციისთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ამიტომ, ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, შეთანხმებას მიაღწიონ ყირიმის დემილიტარიზაციის გარეშე. ჩვენ შეგვიძლია, ის გაეროს მისიას გადავცეთ, რათა მომავალში იქ მცხოვრები ადამიანების შემოწმების შემდეგ მომზადდეს სამართლიანი რეფერენდუმი. ჩვენ შეგვიძლია ეს 20 წლით გადავდოთ“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 

რადოსლავ სიკორსკის წინადადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ყირიმის, როგორც უკრაინის ტერიტორიის ნაწილის, სტატუსი განხილვას არ ექვემდებარება. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები სიკორსკი და არც ის არის ნათქვამი, თუ კონკრეტულად ვინ ცდილობს ყირიმის სტატუსის განხილვას.

პოლონური გამოცემის Onet-ის ჟურნალისტმა ვიტოლდ იურაშმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მკაცრი ტონით ესაუბრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კიევში ვიზიტის დროს. მისი თქმით, პოლონეთის დელეგაცია შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტის „კომუნიკაციის სტილით გაკვირვებული“ იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×