
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, მმართველი პარტიის მთავარი სალაპარაკო თემა ბიძინა ივანიშვილი და მისი ქონებაა.
„ამ ქმედებებისა და განცხადებების გამო არის შეჩერებული საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ურთიერთობები. სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ერთიანობით, ქართველი ხალხი - „ქართულ ოცნებას“ განაჩენს გამოუტანს.
ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა გაოცებულია, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვქონდა, რომ პარტია რომელიც არჩევნებზე გადის - ხალხის დასაქმებაზე, სიღარიბის დამარცხებაზე, ბავშვთა შიმშილსა და სხვა ბევრ პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრებდა. მაგრამ მათ ოპოზიციის დაპატიმრების, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებისა და დიქტატურის დამყარების დაპირება გასცეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაოცებულები არიან, მაგრამ ვიცით, რომ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომლებსაც არაფერი საერთო ქართველ ხალხთან არ აქვს.
ირაკლი კობახიძე რასაც მას თავისი პატრონი უბრძანებს, უარს არ იტყვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ამის საშუალება არ ექნებათ, რადგან 26 ოქტომბერს გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდებიან. რაც არ უნდა ისაუბროს, კობახიძე, ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, დასრულებულია მათი მმართველობა, რაც უფრო მეტს იტყვიან, რაც მეტს ილაპარაკებენ დაშინებაზე, მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებიან.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, საქართველოს ყველა მოქალაქე რომ გააქრონ, ამაზეც მოაწერს ხელს კობახიძე. მათი ერთადერთი სალაპარაკო თემა ბიძინა ივანიშვილი და მისი ქონებაა.
შემდეგი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ვერ ექნება, ისინი ვერ დააკომპლექტებენ მთავრობას, „ქართული ოცნება“ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მათი ეს დამუქრებები და ბოდვითი დაპირებები დღის სინათლეს ვერ ნახავს. დაითვალონ თავიანთი მანდატები!“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
სერგო ჩიხლაძე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ თბილისსა და რეგიონებში წარდგენილ დელეგატებს და განაცხადა, რომ ისინი დელეგატად სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ მლიქვნელობით არიან წარდგენილი.