რეზონანსი
16.07.2024

პატიმრების და მათი ოჯახის წევრების პროტესტის ფონზე, "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის გადახედვას არ აპირებენ.ხელისუფლების შეფასებით, მათ მიერვე შემუშავებული კანონპროექტი სრულად კანონის ჩარჩოებშია და ის ყველა იმ რისკებს აზღვევს, რომელიც ამნისტიის გამოცემის შემთხვევაში არსებობს.

მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოში აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, შესაბამისად, შეკრება და პროტესტის გამოხატვა პატიმრების ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, თუმცა ეს მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას არ იქონოებს. 

არ შეიძლება სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება აქციიდან აქციამდე. მე მესმის, რომ მათ აქვთ უფლება, თავისი აზრი გამოხატონ, მაგრამ პარლამენტს აქვს ვალდებულება, რომ როდესაც მიიღებს კანონს, გაითვალისწინოს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხები. ასე, ხელაღებით ამნისტიები დედამიწაზე არსად გამოდის. საყოველთაო ამნისტიის შემთხვევები არის ძალიან იშვიათი შემთხვევები მთელ მსოფლიოში. სახელმწიფო სწავლობს, რა საფრთხე შეიძლება მოიტანოს მასობრივმა გათავისუფლებამ. მოხდა თუ არა ამ რაოდენობის ადამიანების რესოციალიზაცია, რომ ისინი საზოგადოებას ადვილად დაუბრუნდნენ და ა.შ. გადაწყვეტილება ასე უნდა იყოს მიღებული. მე მათი მესმის, მათაც პატივს ვცემ, მაგრამ თუ სახელმწიფო ჩათვლის, რომ სიტყვაზე, ყაჩაღს არაფერი უნდა შეუმციროს, რომელმაც 30 ადამიანი დააზარალა, მაშინ ჩვენ რა გავაკეთოთ? პოლიტიკური მიზნებით დაყაჩაღებულები მოვიყვანოთ და მეორე აქცია ჩავატარებინოთ, რომ საერთოდ არ გვინდა ეს კანონი? ასე სახელმწიფო ვერ იმართება, - ამბობს შარმანაშვილი.

"ოცნების" დაანონსებულ ამნისტიას პატიმრები აპროტესტებენ. "პირველების" ინფორმაციით, ქსნის და ქუთაისი ციხეების შემდეგ, მსჯავრდებულებმა შიმშლობა გლდანის მე-8 დაწესებულებაშიც დაიწყეს. მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები ივანიშვილის ხელისუფლებას ტყუილში და შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებული ამნისტია არც საყოველთაო და არც სამართლიანია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×