
დარწმუნებული ვარ მოუწევთ იმის აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხისა და ჯარის მიმართ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024"-ის გადადებას.
„მაშინაც, როდესაც 2008 წელს ოკუპაციის წინაშე დადგა საქართველო და ამ ოკუპაციის წინააღმდეგ მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისა არ ყოფილა ძლიერი, დღეს აღიარებენ, რომ იყო ძალიან დიდი შეცდომა და ამან ოკუპანტი მხოლოდ წაახალისა. გვახსოვს, რომ მაშინაც ჩვენ ფაქტობრივად ემბარგო დაგვადეს და აგვიკრძალეს შეიარაღების ყიდვა. ანუ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება აეკრძალა მაშინ საქართველოს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, სადაც დავიცავით გლობალური უსაფრთხოება. ეს იყო პასუხი უსამართლობაზე. დღესაც ვხედავთ, სამწუხაროდ, უსამართლო გადაწყვეტილებებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოუწევთ იმის აღიარება, რომ ეს იყო შეცდომა ქართული სახელმწიფოს, ხალხის და ჯარის მიმართ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.