რეზონანსი
09.07.2024

ვარკეთილში, მე-3 მასივის მე-3 კვარტლის „გ“ კორპუსში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ავარიულ კოპრუსში ცხოვრობს 36 ოჯახი, რომელსაც დედაქალაქის მერია დროებით ქირით გაიყვანს.

„არსებული ოთხსართულიანი კორპუსის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 12-სართულიან კორპუსს ააშენებს. უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. შედეგად, 36 ოჯახს გარემონტებული, სრულად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიმართა ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს, იაქტიურონ და მუნიციპალიტეტის მერიას დროულად მიმართონ.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. მინდა, მივმართო მათ, ვინც ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობთ, იაქტიურეთ. ერთობა თუ იქნება, მხარს დაგიჭერთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×