რეზონანსი
14.05.2024

თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე , - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, ის უნდა იყოს მშვიდობიანი და ასევე, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პირები, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებაში იქნებიან ბრალდებულნი.

„თუ დემონსტრაციები გაგრძელდება, გვსურს, რომ ის მშვიდობიანი იყოს და გვსურს, რომ პოლიციის წარმომადგენლობა იყოს მშვიდობიანი, გვინდა, რომ არ იყოს დაშინების ფაქტები დემონსტრანტებისა თუ სხვების, იქნება ეს თავად აქციაზე, მათ სახლებში თუ მათი ქონების საწინააღმდეგოდ, როგორც ეს იყო უკანასკნელი დღეების განმავლობაში. დაშინებაზე პასუხისმგებელი ადამიანები უნდა მოიძებნონ და სამართალში იქნან მიცემულნი.

თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობის გარეშე და თუ ამგვარი რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მისამართით გაგრძელდება, ვფიქრობ, ურთიერთობები რისკის ქვეშ დადგება. რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ - ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, დაახლოებით, 319 მილიონი დოლარის დახმარება, რომლის დახარჯვასაც ვგეგმავთ საქართველოს ხელისუფლებასთან, ნახევარს სამხედრო დახმარებისთვის, მესამედის დახარჯვას ვგეგმავთ ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტებისა და ასევე ინსტიტუციების მშენებლობისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერი ეს უნდა გადაიხედოს, თუ ჩვენ ახლა განვიხილებით როგორც მოწინააღმდეგე და არა პარტნიორები. და თუ ეს კანონი წინ წავა ისე, რომ შესაბამისობაში არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან და ძირი გამოეთხრება დემოკრატიას, იქნება ძალადობა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, იქნება ეს ფინანსური თუ სამოგზაურო შეზღუდვები იმ პირებზედა მათი ოჯახის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ამ ქმედებებზე“, - განაცხადა ობრაიენმა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.

„ამ რაღაცებს იმიტომ არ ვამბობ, რომ მსურს ეს მოხდეს, არამედ მსურს, რომ საქართველოს ჰქონდეს განგრძობითი მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე კვლავ დაიწყება დღეს სიარული და თუ ასე არ მოხდება, მაშინ აღნიშნულ საკითხებს ძალიან სწრაფად გადავხედავთ”, - აცხადებს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×