
არჩევნების წინ „ქართული ოცნების" პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში" „გორბის" კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
„წინა არჩევნებს რომ შევადაროთ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე თვის წინ კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდებოდა, როცა უკვე წინასაარჩევნო აგიტაცია იწყებოდა. ამიტომ, მე დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების" ეს პროცენტული მაჩვენებელი ოქტომბერში კიდევ უფრო გაიზრდება და საბოლოო ჯამში ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ოპოზიციურ ფლანგზე კი ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის. „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგიც იმაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო. დანარჩენმა პარტიებმა კი, არ მგონია, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ „გორბის" კვლევის შედეგები მოსალოდნელი იყო.
„გორბის" კვლევას რაც შეეხება, ჩემთვის სიახლე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს კვლევები ძალიან მძიმე იქნება ოპოზიციისთვის და ეს რეალურ სურათს ასახავს. ამ კვლევით გამოჩნდა, რასაც აქამდე ვამბობდით, რომ რეალურია მიზანი და შედეგი, რომ "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. სურათი არის ასეთი: "ქართულ ოცნებას" აქვს 60%-ზე ოდნავ უფრო მეტი რეიტინგი ამ ეტაპზე, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%-მდე. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები კი 5%-იან ბარიერსაც კი ვერ ლახავენ. ეს ლოგიკური და ახსნადია იმიტომ, რომ სამწუხაროდ, გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელიც სრულიად დესტრუქციაზე, უსაფუძვლო, უსაგნო კრიტიკაზე, არეულობაზე და საზოგადოებისთვის მიუღებელ ქმედებებზე არის ორიენტირებული. ამიტომაც არის, რომ შედეგები ასეთია", - აღნიშნა გიორგი კახიანმა.