რეზონანსი
10.04.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრებს შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

როგორც მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ელჩები დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს რეფორმებს.

დარჩიაშვილის თქმით, მთავრობამ ელჩებისგან მხარდამჭერი გზავნილები მიიღო.

„უმნიშვნელოვანესი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ელჩებისთვის გაეზიარებინა საქართველოს მთავრობის ხედვა, ის ვალდებულებები და განსახორციელებელი რეფორმები, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს.

ელჩები დეტალურად იყვნენ ინფორმირებულები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ახორციელებს ამ რეფორმებს. რეფორმების დღის წესრიგი ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი პროცესი და ჩვენ მივიღოთ კიდევ უფრო მეტი ხელშესახები შედეგები.

ელჩებისგან მივიღეთ კონკრეტული მხარდამჭერი გზავნილები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×