რეზონანსი
08.04.2024

"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" "რუსულ კანონთან" დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს არის მცდელობა, ამოაშენონ კედელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მათი პასუხისმგებლობა დღეს მოქმედებაა, მოქმედება საზოგადოებასთან ერთად, ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, რომელიც არ დათმობს საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს.

მისივე თქმით, დღეს პოლიტიკური პარტიები დგანან ერთად და ბრძოლას ერთად გააგრძელებენ.

"ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის დარეგისტრირებით ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულ, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, მორიგ ჯერზე გადადგა ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ანტიევროპული ნაბიჯი. ეს არის მცდელობა ამოაშენონ კედელი ჩვენსა და ევროკავშირს შორის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ქართული ოცნება" მიდის ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინტერესებისა და საზოგადოების წინააღმდეგ. თუმცა, ჩვენ გვინახავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც "ქართული ოცნება" უპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის სრული უმრავლესობის ძალიან მტკიცე ნებას, ისტორიულ ამოცანას, რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი და ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, ის მარცხდება სრული კრახით და ასე იქნება ამჯერადაც. ჩვენ ვნახეთ აბსოლუტური კონსენსუსი ჩვენი პარტნიორების, ჩვენი მეგობრების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო გახდეს ევროპული, თავისუფალი ოჯახის წევრი. შეფასება არის ცალსახა. ეს არის ანტიქართული, ანტიევროპული გადაწყვეტილება. გირჩი-დროას სახელით მინდა გამოვხატო მტკიცე ნება და აბსოლუტური გააზრება, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა დღეს მოქმედება. მოქმედება ერთად, საზოგადოებასთან ერთად, ყველა იმ მოქალაქესთან ერთად, რომელიც არ დათმობს საქართველოს ევროპულ და თავისუფალ მომავალს. მე მინდა დავარწმუნო ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად კამათებისა, რომელიც არსებობს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, დღეს პოლიტიკური პარტიები ვდგავართ ერთად, ვიდგებით ერთად და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ერთად. ეს ერთიანობა არის გადამწყვეტი, ამ რუსული გადაწყვეტილების უკან წასაღებად.

ამასთანავე, მე ხაზი მინდა გავუსვა, რომ იმ ღირსეული პასუხის სიმბოლო, რომელსაც საქართველოს არაერთხელ გაუცია, მათ შორის, შარშან, მარტში, "ქართული ოცნების" ანტიევროპული, ანტიქართული მოქმედებებისთვის, დღეს არის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ვერც ციხეში, ვერც ზეწოლით, ვერც პროპაგანდით, ვერც სიბინძურით, ვერც ტყუილით ვერ გატეხეს. და ის დღეს რჩება შეუპოვარი, მებრძოლი, გაუტეხელი, პრინციპული მოქალაქე, თავისუფალი ახალგაზრდა, რომელიც ასევე თავის პრინციპულობით ეხმარება ამ საერთო ბრძოლას", - ამბობს ელენე ხოშტარია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×