რეზონანსი
05.04.2024

პირველ რიგში, ყოველგვარი ირონიის გარეშე მადლობა მინდა გადავუხადო როზნერს და „მესინა ჯგუფს", რამეთუ მათ „ენჯეო" სექტორს და „ნაცმოძრაობის" სხვადასხვა კლასტერის წარმომადგენლებს დღეს ერთად მოუყარეს თავი და ყველა მათგანმა ერთად გამოაქვეყნა 5 ტყუილი, რომელიც არის უმარტივესი სამხილებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

პირველი ტყუილი იყო თავად სათაური, სადაც ამბობდნენ, რატომ არის ეს კანონი რუსული. უნდა დავასრულოთ ეს სისულელე და ყველა პუნქტს უნდა გავცეთ სათითაოდ პასუხი.

პირველი პუნქტი იყო ასეთი - „საქართველოში ამკვიდრებს იგივე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს". ეს არის მდაბიო ტყუილი, იმიტომ რომ აქამდე არავის წაგიკითხავთ კანონი, რომელიც რუსეთში მოქმედებს. ეს ეხება არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საჯარო მიმართვები და მოსაზრებების გავრცელება. რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ ქვეკონტრაქტორებიც კი. ანგარიშები ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს. წარადგენენ მოხსენებებს, პროგრამებსა და სხვა დოკუმენტებს 6 თვეში ერთხელ სხვადასხვა საინფორმაციო ქსელებში. ფიზიკური პირები ვერ ინიშნებიან საჯარო სამსახურში, ვერ ერევიან საარჩევნო პროცესში, ეკრძალებათ ქონების გადაცემა ან მიღება, შემოწირულებების გაკეთება, პედაგოგიური საქმიანობა და ა.შ. ასევე, კანონის განმეორებით დარღვევა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 6 წლამდე პატიმრობით ისჯება მოქალაქეების წაქეზება, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე. ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სუბსიდიებით, პროგრამებით და გრანტებით და ა.შ. რომელიმე პუნქტი ქართულ კანონმდებლობაში არის? არ არის, შესაბამისად, პირველი პუნქტი არის ცალსახა და მდაბიო ტყუილი.

მეორე პუნქტში მათ ჩაწერეს, თითქოს ჩვენი კანონი „მიმართულია ჩვენი საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს". ეს მეორე უბინძურესი ტყუილია, რადგან ქართული კანონი არ განსაზღვრავს მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას, მეტიც - არანაირ სიას არ განსაზღვრავს. მსგავსში ჩანაწერი ქართულ ინიციატივაში არ არის. ის თანაბრად ეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ.

მესამე ტყუილი - „კანონის მიღება გამორიცხავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას". თავად ევროკავშირში ინიცირებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი", რომელსაც ივნისში მიიღებენ. მსგავსი კანონები მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ისრაელში; უკვე განიხილება საფრანგეთში, კანადასა და სლოვაკეთში.

მეოთხე პუნქტი - „კანონი მეგობრების გარეშე დაუცველს გვტოვებს რუსეთის პირისპირ". არც ეს არის კონკრეტული არგუმენტი, მაგრამ ამასაც გავცემ პასუხს. გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებში არსებული კანონების საუკეთესო პრაქტიკის მიღებას და ამავდროულად განამტკიცებს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ანუ, სათაურის ჩათვლით შემოგვთავაზეს დღეს 5 პუნქტი და ხუთივე დადასტურებულად არის ტყუილი", - აღნიშნა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×