რეზონანსი
05.04.2024

სამართალდამცველების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული მ.გ-ს 1995 წელს დაბადებულმა ნ.ხ-მ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ქალმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია ერთდროულად გამოიძახა და დანაშაული აღიარა. 

ოჯახის ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. ჩვენ ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს ვესაუბრეთ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.მისი თქმით, კონფლიქტის შესახებ საქმის კურსში იყო სამტრედიის სოციალური სამსახური, სადაც ოჯახიდან წაყვანილი ბავშვები ამ დრომდე იმყოფებიან.

ნ. გ: „ამ ოჯახის მთელმა ისტორიამ ჩემს თვალწინ გაიარა. ქალი ჩემი ახლობელია, ვცადე უბედურება თავიდან ამეცილებინა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ისღა დამრჩენია, სიმართლე გავახმაურო, რათა სინდისის წინაშეც მართალი ვიყო და იქნებ დამნაშავესაც შევუმსუბუქო სასჯელი.

ქალმა დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ 13 წლის ქალიშვილი დაიცვა ქმრისაგან, რომელთანაც მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა. გოგონა კი პირველი ქმრისაგან ჰყავდა. ამ კაცმა ბავშვის გაუპატიურება მხოლოდ მკვლელობის დღეს როდი სცადა. არ მჯერა რომ სასამართლო ამას არ გაითვალისწინებს და დამნაშავეს სასჯელს არ შეუმსუბუქებს...

8 წლის წინ დაქორწინდნენ. პირველი ქორწინებიდან დაბადებული გოგონა 5 წლის ჰყავდა, როდესაც ჩემი ნათესავი მეორედ გათხოვდა. პირველ ქმართან ის გაშორებული იყო. პირველად დაახლოებით 15 წლის ასაკში გათხოვდა. ეგონა, ამჯერად მაინც გაუმართლებდა, ააწყობდა ცხოვრებას, მით უფრო, რომ მეორე ქმართან ბიჭიც შეეძინა, რომელიც ამჟამად 7 წლის არის. მუხლჩაუხრელადაც მუშაობდა, სამტრედიაში მთელ ბაზარს ალაგებდა, მაგრამ მისი ლოთი ქმარი ვერაფერმა გამოასწორა. მამინაცვალი დიდი სიყვარულით გერს არასოდეს ექცეოდა, უცემია კიდეც, პედოფილიის მცდელობა კი მაშინ მოხდა, როდესაც გოგონა 10 წლის იყო. ამ დროს ბავშვი მამინაცვალს ბიძასთან გაექცა (დედის ძმა) და ყველაფერი მას მოუყვა. გამწარებულმა ბიძამ სიძე ჯერ სცემა, მერე კი ეს ამბავი პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ ნაძირალა ციხეში გადაიყვანა, თუმცა მხოლოდ 6 თვით, მერე კი გამოუშვეს. ამ დროს ნათესავებს შეგვეშინდა, რაიმე უბედურება არ მომხდარიყო და ამიტომ სოციალურ სამსახურს შევატყობინეთ. მათ ბავშვი ორი წლის მანძილზე მინდობით აღზრდაში ჰყავდათ. თუმცა, როგორც კი გოგონა შინ დაბრუნდა, მაშინვე ყველაფერი თავიდან დაიწყო. თუმცა, ბავშვმა თავი დაიცვა და ამჯერად დედას მოუყვა ყველაფერი,

ქმარმა იმის სადემონსტრაციოდ,რომ გამოსწორდა, ალკოჰოლის საწინააღმდეგო კაფსულაც კი ჩაიდგა, თუმცა როდესაც ცოლი სამსახურში გაიგულა... 

ბავშვმა მაგიდა გადააყირავა, ამასობაში დედა ბაზრიდან დაბრუნდა და ეს სურათი რომ ნახა, შვილს ყველაფერი მოაყოლა. მერე ჩხუბიც ატყდა - როგორც მეზობლები ამბობენ, ეს ჩხუბი რაღაც პერიოდის შემდეგ მინელდა, წივილ-კივილი აღარ ისმოდაო. თუმცა შუაღამით ისევ გაგრძელდა. ამ დროს ბავშვებს უკვე მეორე სართულზე ეძინათ, ცოლ-ქმარი პირველ სართულზე იყო. როგორც ჩანს, საცოდავმა ქალმა იფიქრა, სანამ ბავშვები არ მიყურებენ, მოვკლავ და მოვისვენებო და ასეც მოიქცა. თანაც ქმარი დანით ისე გამატებით დაჩეხა, რომ კაცი იქვე გარდაიცვალა. შემდეგ პოლიცია გამოიძახა და ჩაბარდა", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ოჯახის ახლობელმა.

კვირის პალიტრა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×