რეზონანსი
31.03.2024

თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ეს [„ვეტინგის“ სისტემა] არ უნდა დავუშვათ და არც დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ კეთილსინდისიერება შეამოწმოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ე.წ ვეტინგის სისტემის ირგვლივ წამოწყებული კამპანია შეურაცხმყოფელია.

„დღეს ქართული სასამართლო დგას ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე. ეს არის ჩვენი, ქართული სასამართლო და არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში. დასრულდა ის დრო, როცა სასამართლო იმართებოდა ისე, როგორც იმართებოდა. ასევე, არ დადგება ის დრო, რომ სასამართლო მართონ გარედან უცხო ქვეყნებს. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და მითუმეტეს ზოგიერთი აგენტების ხელით. დღეს ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მოსამართლეებს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა პატრიოტია, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს იცავენ.

ყველა გამოკითხვისა და რეიტინგის მიხედვით ჩვენი სასამართლო ერთ-ერთი მოწინავეა მთელ ევროპაში. ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და პირველ ადგილზე ვართ კანონის უზენაესობის მიმართულებით.

ასე რომ, ეს კამპანია, რაც ე.წ ვეტინგთან დაკავშირებით არის, შეურაცხმყოფელია. თუ ჩვენ გვაქვს თავმოყვარეობა და გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ თავმოყვარე ერი, ეს არ უნდა დავუშვათ და არც დაუშვებს ჩვენი ხელისუფლება, რომ ვიღაცამ ჩვენი პატრიოტი მოსამართლეების ე.წ კეთილსინდისიერება შეამოწმოს. ჯერ მათი კეთილსინდისიერება გამოვიკვლიოთ კარგად, გავარკვიოთ ვინ არიან ეს ადამიანები და როგორ ბედავენ სხვის კეთილსინდისიერებაზე საუბარს“. - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×