
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას, რომელსაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
რატი იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" მედია საშუალებები ამ ფაქტს ისე აფასებენ, როგორც „ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე..."
მისივე თქმით, საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს.
„იცით, როგორ აშუქებს ნაცმოძრაობის მედია ნაცების და უკრაინელი დეპუტატების მიერ ევროპულ რეზოლუციაზე ხელის არ მოწერას და საქართველოს მტრობას? „ქართული ოცნების კრახი საერთაშორისო ასპარეზზე"... ანუ, მათი თქმით, ხელის მოწერაზე უარმა კრახი გამოიწვია, - პროგრამა მინიმუმი შევასრულეთო, მათივე ტელევიზიებით აღიარებენ!
საკუთარი ქვეყნის მტრობა და ღალატი მეტი რაღა უნდა იყოს აღარ ვიცი, თან ასე სინქრონში: ჯერ ქმედებით და მერე ასეთი გაშუქებით!"- წერს რატი იონათამიშვილი.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან" მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.