
ჩვენი საქმიანობა არის უკან მიდევნებული ლამპარი და არ ვართ ადეკვატურები ევროპულ სივრცეში, რადგან საუბარი იმაზე, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არც ღირს, რადგან ყველა შეთანხმებულია ამ საკითხზე, რომ რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან" განაცხადა.
მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტი ნორმალური იყო.
„აქ მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატურები ვიყოთ იმ დახმარების ნაწილში, რასაც უკრაინა ითხოვს. თუ რუსეთი არ დამარცხდა, მაშინ საქართველოსაც ცუდად ექნება საქმე და ევროპასაც. ვფიქრობ, ჩვენც ამ კონტექსტში უნდა ვსაუბრობდეთ. მე რეზოლუციის ტექსტი მანქანაში ვნახე, როდესაც მივდიოდით, მაშინ „ჩამიგდეს" და გამაცნეს ტექსტი. ტექსტი თავისთავად ნორმალური იყო, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დროში ადეკვატური არ არის და მიდევნებული ლამპარი ვართ. არ იყო საკმარისად აღწერილი დღევანდელი ვითარება გეოპოლიტიკურად და ის, რომ უკრაინას გაცილებით მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მხოლოდ ჯარების გაყვანა ადეკვატური მოთხოვნა არ არის ამ შემთხვევაში. ჩვენი ბრძოლის შედეგად მოხდა, რომ სტატუსი მივიღეთ და არა იმიტომ, რომ ჩვენი დელეგაცია კარგად მუშაობს", - აღნიშნა თამარ კორძაიამ.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან" მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.