რეზონანსი
20.03.2024

ჯერ თქვეს, რომ არ იცოდნენ რეზოლუციის შინაარსი და თურმე მერე შეცვლაც კი ნდომებიათ რეზოლუციის ტექსტის, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იმ ოპოზიციონერების განცხადებებს, რომლებმაც მას შემდეგ, რაც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ამის მიზეზები განმარტეს.

წამყვანის კითხვაზე, რას ფიქრობს დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებაზე, რომ მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეძლო 100-ზე მეტ დელეგატში 10 ხელმოწერის შეგროვება, პოლიტიკოსი ამბობს, რომ რეზოლუციის მხარდასაჭერად ევრონესტის მთლიან შემადგენლობაზე საუბარი არ იყო.

„აბსურდია [რომ ვერ შეძლო 100-ზე მეტი დელეგატში 10 ხელმოწერის შეგროვება]. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები წინადადება-წინადადებით რომ გავიხილოთ, ყველგან არის ტყუილი და არ ცოდნა გამომჟღავნებული პროცედურის. აქ საუბარი იყო არა ევრონესტის მთლიან შემადგენლობაზე, საუბარი იყო ორი დელეგაციიდან მინიმუმ 10 წევრზე. საუბარი იყო რეზოლუციის პროექტზე, რომელიც შეეხებოდა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას. მითხარით ახლა რამდენად ლოგიკური იყო მასზე ხელმოწერები მოგვეგროვებინა აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციებს შორის. აბსოლუტურად არ ჯდება ლოგიკაში. სხვათა შორის ანდრიუს კუბილიუსს ძალიან მოსწონდა რეზოლუციის ტექსტი, თქვა კიდეც გუშინ ბიუროზე, რომ ძალიან სურდა ეხილა ეს რეზოლუცია შემდგომ ეტაპზე, რაც სამწუხაროდ ვერ მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეგროვდა სამწუხაროდ 10 ხელმოწერა ჩვენს დელეგაციებს შორის. ანდრიუს კუბილიუსიც იმას ადასტურებს, რასაც მე გეუბნებით. ჩვენ ერთი და იმავე წესზე და პროცედურებზე ვსაუბრობთ, რაც აქვს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას იმისათვის, რომ საგანგებო რეზოლუცია იყოს განხილული. ჩვენ ეს შარშან გავაკეთეთ, მაშინ მოლდოვა იყო ინიციატორი მსგავსი რეზოლუციის, ჩვენ დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ კიდეც ის რეზოლუცია. რაც შეეხება იმას, თითქოს მათ [ოპოზიციას] რაღაც შესწორებები ჰქონდათ ტექსტში, ეს ჩემთვის არის კიდევ ერთი ლუსტრაცია, რომ მათ ნებისმიერი რეზოლუცია, დოკუმენტი სჭირდებათ ერთადერთი რაღაცისთვის, რომ საქართველოს შესახებ იყოს კრიტიკული გზავნილები. ვკითხავ რა ცვლილების შეტანა უნდოდათ [რეზოლუციაში]. ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის რასაც აცხადებენ. ჯერ თქვეს, რომ არ იცოდნენ რეზოლუციის შინაარსი და თურმე მერე შეცვლაც კი ნდომებიათ რეზოლუციის ტექსტის“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღებენ.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×