რეზონანსი
16.03.2024

არის განსხვავებული მიდგომა, ვისაც აქვს სტანდარტული ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიანი სესხი - ეს გულისხმობს, რომ რაიმე ტიპის ინდექსზეა მიბმული და ეს ლარის შემთხვევაში არის ძირითად რეფინანსირების განაკვეთი და არის სუბსიდირებული სესხები, რომელზეც სხვაგვარად ხდება ინდექსის ცვლილების შემთხვევაში პროცენტის ცვლილება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, ნათია ჭყონიამ „ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩვენი მიმართულება ძირითადად მუშაობს მომხმარებლის ინფორმირებულობაზე. რაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს მომხმარებელს, ის მით უფრო სწორ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ ხელშეკრულებიდანვე, რა ტიპის საპროცენტო განაკვეთია. უპირველეს ყოვლისა, უნდა ნახონ, ნამდვილად ინდექსირებულ განაკვეთიანია სესხი თუ არა, ეს ხელშეკრულების პირველივე გვერდზე წერია. თუ ინდექსირებული განაკვეთია, ამ შემთხვევაში მათ, იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ინდექსი, უნდა შეეცვალოთ საპროცენტო განაკვეთი - თუ იზრდება, უნდა გაეზარდოთ, თუ მცირდება, უნდა შეუმცირდეთ. თუმცა აქაც განსხვავებაა ხელშეკრულების პირობების მიხედვით, როდის იცვლება. კონკრეტულ ბანკს შეიძლება ჰქონდეს, რომ მაგალითად, დღეს თუ შეიცვალა ინდექსი, ხვალიდანვე ეცვლებოდეს საპროცენტო განაკვეთი, თუმცა შესაძლოა, ხელშეკრულება ითვალისწინებდეს განსხვავებულ პირობას. მაგალითად, ინდექსის ცვლილებიდან 10 დღეში შეიცვლება. ინდივიდუალურია, თუმცა ეს გაწერილი უნდა იყოს ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, რომ გადახდამდე გარკვეული პერიოდით ადრე აცნობონ მომხმარებელს", -აღნიშნა ჭყონიამ.

სებ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე 183 ათასზე მეტ მსესხებელს სესხი გაუიაფდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×