რეზონანსი
13.03.2024

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. 

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

„იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომელიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შესაძლოა გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. ამ შინაარსის სარჩელი გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე Courtlistener.com, რომელიც აშშ-ის სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ს ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში აშშ-ის საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა. უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამის შემდეგ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.

დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×