რეზონანსი
11.03.2024

პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიას და ბელგიას მიმართა.

როგორც ფორმულას უწყებაში უთხრეს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

"საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. აღნიშნულ შემთხვევაშიც, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით", - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

***

საქართველოს მთავრობა ზურაბ ადეიშვილის გადაცემას ითხოვს, თუმცა მასზე საერთაშორისო ძებნა აღარ მიმდინარეობს. ინტერპოლმა ძებნა 2015 წლის აპრილში შეწყვიტა, მიზეზად კი ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი დაასახელა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს ქვეყანა, შესაძლოა, უნგრეთი ყოფილიყო, თუმცა სახელდებოდა უკრაინაც. რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა; ნოემბრიდან კი ის უკვე ძებნილად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2021 წელს შეუწყდა. მან ეს, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, თვითონ მოითხოვა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×