რეზონანსი
09.03.2024

ეს არის ერთგვარი პარადოქსი, რომ იმ კედლებში, სადაც მართლმსაჯულებაზე, კანონის უზენაესობაზე უნდა იყოს და არის საუბარი, იქ არათუ არ შეესვლება წესით ასეთ ადამიანებს, საერთოდ არ უნდა იყოს მათთან საუბარი , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა „ქრონიკაში" ზურაბ ადეიშვილზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ადეიშვილი არაევროპული ღირებულებებისა და ქმედებების პირდაპირი გამოხატულებაა. ნამდვილად პარადოქსია, რომ ევროპაში ასეთ შეხვედრებს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ამაზე დიპლომატიური პასუხი იქნება გასაცემი როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის მხრიდან. ჩავთვალოთ, რომ ინფორმირებულობის ნაკლებობის თუ სხვა გაპარული შეცდომის ბრალი უნდა იყოს. ასეთი ფაქტები არა მხოლოდ ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, არამედ ეს არის დემოკრატიული პრინციპების და მათი საკუთარი ღირებულებების შეურაცხყოფაცაა", - აღნიშნა ლაშხმა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრაზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებაზე და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობს.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე გუშინ განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომ, განმარტება გააკეთა აგრეთვე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×