რეზონანსი
03.03.2024

ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ზემო იმერეთიდან თერჯოლაში ე.წ. ქადაგიძის რაფის ჩანჩქერის მოსანახულებლად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთ მათგანს ქვაზე ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. დახმარების მიზნით, მდინარეში მისი თანმხლები პირებიც გადახტნენ. სანაპიროზე დარჩა მხოლოდ ერთი ადამიანი და სწორედ მან დარეკა 112-ში.

მაშველებმა სამძებრო-სამაშველო ღონისძიების შედეგად მხოლოდ ერთი პირის გადარჩენა შეძლეს. ის თერჯოლის საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 4 ცხედარი კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩანჩქერზე სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა. მათი თქმით, დაღუპულთა შორის მამა-შვილი და მათი 2 სტუმარია.

"უბრალოდ ის ვიცი, რომ ფეხი დაუცდა ახალგაზრდა გოგოს და მამა გადახტა მის საშველადო. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. მამა-შვილი მგონი ადგილობრივები არიან და ნაწილი სტუმრები არიანო," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×