
რა მოხდა ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. გავრცელებული ინფორმაციით, პირველკლასელს თანაკლასელებმა სცემეს და 6 წლის ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს. ამ ინფორმაციას მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებენ სკოლაში.
დირექტორი ამბობს, რომ შესვენებაზე დაპირისპირება იყო, თუმცა ეს ძალადობა არ ყოფილა. სკოლაში არც იმას უარყოფენ, რომ პირველკლასელის ოჯახმა პოლიციას მიმართა და სამართალდამცველებმა სკოლის თანამშრომლები უკვე დაკითხეს.
დაზარალებული ბავშვი მშობლებმა სხვა სკოლაში გადაიყვანეს. გამოძიება კი 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
როგორც სკოლის ფსიქოლოგი ამბობს, მშობელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
"არასწორი ინფორმაცია გაავრცელა მშობელმა, გუშინ საგამოძიებო კომიტეტში განვიხილეთ თვითმხილველებთან ერთად ის ფაქტი რაც მოხდა. მივედით დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. სანამ გამოძიება არ დასრულდება, არ გვაქვს უფლება, რომ ვისაუბროთ დეტალებზე, ვინც ეს შეტყობინება დააფიქსირა მან იცრუა", - აცხადებს სკოლის ფსიქოლოგი.
რუსთავი 2