რეზონანსი
21.02.2024

ჩვენ გვაქვს შეხვედრები ნატოს შტაბში და ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომლებიც უკვე გაკეთდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, განცხადებები, რომლებიც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გააკეთა, ცხადყოფს იმ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს ნატოს მხრიდან აქვს და ასევე, მიგვითითებს იმ შედეგებზე, რომლებიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვალსაზრისით აქვს.

„ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა გენერალურ მდივანთან, სადაც ვისაუბრეთ დეტალებზე, იმ დღის წესრიგზე, რომელიც ნატოსთან გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს კომისია, ეს იყო უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რათა ჩვენს პარტნიორებს, ალიანსის წევრებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ იმ ვითარებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.

მეორე მხრივ, მათ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს აქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მექანიზმი იმისათვის, რომ ნატოს რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრმა, ასევე, უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ნატოს ვაშინგტონის სამიტის მოლოდინებს ეხებოდა.

„დეტალებთან მიმართებით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა გეტყვით იმას, რომ ეს მნიშვნელოვანი სამიტია, რომელიც თან საიუბილეოა. ცხადია, რომ ის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, რომელიც საქართველოსა და ნატოს აქვთ, ალბათ, ადეკვატურად და შესაბამისად იქნება წარმოჩენილი ამ სამიტზე. კონკრეტულ დეტალებთან და თვითონ დღის წესრიგთან მიმართებით, ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×