რეზონანსი
15.02.2024

დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია. 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მან პენიტენციური დაწესებულება გუშინ საღამოს დატოვა. ადვოკატის ინფორმაციით, მისი გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა, რაც სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითვალისწინებს, თუმცა უფლებადამცველი "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ  ოფიციალურად კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტი ჯერ მათ არ ჩაჰბარებიათ.

გიორგი მამალაძემ მედიასთან პირველი კომენტარიც გააკეთა:

“მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის ჩემს ცხოვრებაში. მადლობა ჩემს ოჯახს, ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩემთან ერთად ამტკიცებდა და დარწმუნებული იყო ჩემს უდანაშაულობაში. მადლობა  მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა. ცხოვრება გრძელდება, ბრძოლა გრძელდება. საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში ჩემი მთავარი გეგმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. ვწუხვარ, რომ მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, რომ დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა მიუხედავად ამისა მე მაინც მიყვარს ის,“ - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ. 

მისი ძმის განმარტებით, ე.წ. "უდოს" კომისიას წინა წლის ნოემბერში მიმართეს. გიორგი მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 10 თებერვალს გავიდა 7 წელი, რაც ის ციხეშია.

მამალაძის ოჯახი ამბობს, რომ ციხეში დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და რომ მას 5 წელია დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×