რეზონანსი
15.02.2024

წარმოდგენილი ბრალდებულები 15 წლის განმავლობაში ცდილობდნენ გამოძიება ჩიხში შეეყვანათ და არასწორ გზაზე დაეყენებინათ, მათი ქმედებები მიმართული იყო მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისკენ. ისინი წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ შავაძე ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო დაკავებული და ის გაქცევისას იყო ლიკვიდირებული, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მუჯირმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როინ შავაძის საქმეზე დაკავებული ორი პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ყოფილი თანამშრომლია.

„ისინი უშუალოდ იყვნენ ჩართული როინ შავაძის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში. კერძოდ, როგორც უკანონო დაკავებაში, ასევე მის ლიკვიდაციაში. ამ ეტაპისთვის ეს ორი ადამიანი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. როდესაც მათი წარდგენა პირველად მოხდა სასამართლოში, მათ დუმილის უფლება გამოიყენეს. შესაბამისად, მათი პოზიცია უცნობია, თუმცა გამოძიების ეტაპზე მათ მიცემული აქვთ ჩვენება და მათი პოზიცია იყო ისეთი, რომ თითქოს, დაკავებული როინ შავაძე ცდილობდა გაქცევას, გაქცევისას გახსნა საპასუხო ცეცხლი და სწორედ მათ საპასუხო ცეცხლის შედეგად მოკლეს როინ შავაძე. თუმცა, გამოძიებით საპირისპიროა დადგენილი.

თავიდან შავაძის საქმეზე 10 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, აქედან 2 არ გამოცხადდა საგამოძიებო უწყებაში და სასამართლოში და შესაბამისად, მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა, ხოლო ბოლო ეტაპზე პასუხისგებაში მიცემული ორი პირი, სხვა პირები არიან, ანუ, დამატებითი ფიგურანტები, რომლებიც მონაწილეობდნენ როინ შავაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში.

წარმოდგენილი ბრალდებულები 15 წლის განმავლობაში ცდილობდნენ გამოძიება ჩიხში შეეყვანათ და არასწორ გზაზე დაეყენებინათ. მათი ქმედებები მიმართული იყო მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვისკენ. ისინი წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს შავაძე ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო დაკავებული და ის გაქცევისას იყო ლიკვიდირებული. თუმცა ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა, რომ როინ შავაძეს ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და იგი ლიკვიდირებული იქნა ბრძანებით. არ ჰქონდა ადგილი გაქცევას, იგი მოკლეს უმწეო მდგომარეობაში, როდესაც მას გაქცევის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა“, - განაცხადა გიორგი მუჯირმა.

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მხილების მიზნით. მან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ გაასაჯაროვა, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა ის პირი, ვინც როინ შავაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობდა, მიუხედავად წარსულში დაკავებული თანამდებობისა და ამჟამინდელი სტატუსისა, მხილების შემთხვევაში აუცილებლად მიცემული იქნება სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×