რეზონანსი
14.02.2024

საქართველოს მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ ცხრა პუნქტის შესაბამისად აღებული ვალდებულების მიხედვით უკვე გააგზავნა ოფიციალური წერილი ეუთო-ში, კერძოდ ოდირში და მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.

„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მაღალი ევროპული სტანდარტებით, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში. საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დამკვირვებლებს, იმისათვის, რომ საქართველოში მათ განახორციელონ თავისი უფლება-მოვალეობები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ ოდირის დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ საქართველოს არჩევნებს, ჩვენი მთავრობის ინტერესია, რომ 2024 წლის არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამორჩეული", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×