რეზონანსი
13.02.2024

საპატრიარქოს სინოდალურმა კომისია პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა. დეკანოზი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ირწმუნება, რომ ჩამოსვლის შემდეგ, ყველა კითხვას პასუხს გასცემს. "ამბებთან" საუბრისას, პეტრე კოლხმა აღნიშნა, რომ მასაც აქვს საპატრიარქოსტან კითხვები.

„მე ამჯერად ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში, რომლის მეუღლეც არის, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ალბათ, გსმენიათ ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩამოვფრინდი. ორჯერ იყო თხოვნა საპატრიარქოდან, რომ მივსულიყავი. პირველად ვიყავი ისრაელში, როდესაც დამიკავშირდნენ და ვერ ჩამოვიდოდი, ჩემი განრიგი მქონდა. რომ ჩამოვედი და შეხვედრა ვითხოვე, ე.წ. ღორის გრიპის პერიოდი იყო და პრაქტიკულად დაუძლურებული ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვაპირებდი მისვლას. დავუკავშირდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს და მივწერე წერილი, გამოკეთდი და შემდეგ შევხვდეთო.

ამის მერე, მოხდა ისე, რომ მამა მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდი, როდესაც უცხოეთში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩამოსვლისთანავე თუ მოხდება ეს შეხვედრა, აუცილებლად მოვალ და თუ არადა საბერძნეთის ემიგრაციასთან არის შეხვედრა ჩემი და ამას ვერ ჩავშლი-მეთქი, მაშინ შემდეგ მოხვდესო შეხვედრა. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი, ვუთხარი ჩემს დასთან მივდივარ-მეთქი, წასვლის თარიღიც ვუთხარი, დღევანდელ დღეს სამშაბათს უნდა დავებარებინე და მივსულიყავი მანდ. ვუთხარი, რომ ორშაბათს ღამე ბილეთი აღებული მქონდა და ხუთშაბათს დამირეკეს, ვთხოვე, რომ იქამდე ნებისმიერ დროს მივიდოდი, ოღონდ სამშაბათს ვერ მოვალ ბილეთი აღებული მაქვს-მეთქი. აქ არ ვაპირებ დარჩენას, ჩამოვალ და შევხვდები აუცილებლად. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას გავცემ პასუხს. მეც მაქვს კითხვები და იმედია ისინიც გასცემენ პასუხს.

ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, არაფერი მიკვირს. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვეულებრივად ვიღებ. არ ვიცი, რა გითხრათ. ეს არის ის, რასაც ველოდი" ,- აღნიშნა პეტრე კოლხმა.

დეკანოზს კითხვა დაუსვეს თუ რას გულისხმობს საპატრიარქო „სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ქმედებებში".

„ის, რომ მკვეთრი განცხადებებით გამოვირჩევი, ის, რომ ბევრი ისეთი განცხადება გავაკეთე, მათთვის მიუღებელია, თუმცა ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ და შესაბამისად, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაგებ პასუხს ყველას წინაშე, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც. იმედია, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ეს დღეები მე ვერ ჩამოვალ საქართველოში, 15 დღე ბრიტანეთში ვრჩები", - დასძინა მან.

ცნობისთვის, სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო რამდენჯერმე იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ დეკანოზი არ გამოცხადდა, მისი არგუმენტები კი კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×